Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ ?!
დაბინძურებული გარემო, უმოძრაობა, არასწორი კვება, თამბაქო, სტრესები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სწორ კვებაზე, დღეს რამდენი კალორია მივიღე და ქოლესტერინი რა მდგომარეობაში მაქვსო ამას თავის თავს არავინ ეკითხება, მითუმეტეს მამაკაცები.
ამიტომაც ყველაზე ხშირად მათ აწუხებთ მაღალი ქოლესტერინი, ის კი მოგეხსენებათ გულსისხლძარღვთა პათოლოგიების ლამის მთავარი მიზეზია.
ქოლესტერინი რამე საშინელება არ გეგონოთ; ის, ასე ვთქვათ, უჯრედების “საშენი მასალაა“. სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ორგანიზმში მრავალი ჰორმონი (მათ შორის სასქესოც) და D ვიტამინი.
ქოლესტერინის 80%-ის სინთეზი ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე ორგანიზმშივე მიმდინარეობს, 20 %-ს კი საკვების მეშვეობით ვიღებთ.
დაიმახსოვრეთ: ქოლესტერინის დონის მომატება განგაშის სიგნალია. იგი ხომ ათეროსკლეროზის, მაშასადამე, ინსულტების, მიოკარდიუმის ინფარქტების, არტერიული თრომბოზის რისკ-ფაქტორთაგანია.
მაგრამ იმისათვის, რომ ქოლესტერინის დონის მომატება შეამჩნიოთ , მისი ნორმა უნდა იცოდეთ:
ქოლესტერინის ნორმა 5,2 მმოლ/ლ-მდე (ან 200 მგ/დლ) გახლავთ. თუ ანალიზმა 5,2 -დან 6,5 მმოლ/ლ-მდე ქოლესტერინი უჩვენა, ეს ნიშნავს რომ დიდი შანსი გაქვთ, ათეროსკლეროზი გაგივითარდეთ, ხოლო თუ მაჩვენებელი 6,5-8 მმოლ/ლ-მდეა მომატებული, ეს უკვე აშკარა ჰიპერქოლესტერინემიაა, რომელიც გადაუდებელ კორექციას მოითხოვს, განსაკუთრებით – თუ მწეველი ბრძანდებით.
ხშირად ქორესტერინის, დონის დასაწევად დიეტა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშიც კმარა.
რჩევები
- ქოლესტერინის დონე რომ დაგიქვეითდეთ, რაციონიდან ამოიღეთ რძე, ნაღები, ცხიმიანი ყველი და იოგურტი, ბულიონები, ხიზილალა, კვერცხის გული, ტვინი, ღვიძლი, ბატის ხორცი, ცხიმიანი ხორცი, სოსისი, კარაქი, მაიონეზი, შემწვარი კარტოფილი, ნაყინი, პუდინგი, საკონდიტრო ნაწარმი, შოკოლადი, ცხიმის შემცვლელი სასმელები.
- იმოძრავეთ: იარეთ ფეხით, იცურავეთ, იჯირითეთ, – მაგრამ ზომას ნუ გადახვალთ, გადაღლა და გადატვირთვა არანაკლებ მავნებელია.
- კარგია მზესუმზირისა და სიმინდის ზეთი, ქათმის, ინდაურის, ხბოს, კურდღლის ხორცი, კვერცხის ცილა, ცხიმმოხდილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, თეთრი თევზი, ხილი, პარკოსნები, მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, მწვანილი.
- 40 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეს, დროდადრო უნდა შეიმოწმოს სისხლში ქოლსტერინის დონე.