ეს ნაყენი ბებოს სამზარეულოდანაა! უებარია კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ღვიძლის და ნაღვის სამკურნალოდ!
რაც 40 წელს გადავცილდი, ღვიძლმა და ნაღვლის ბუშტმა შემომიტია. ექიმმა ამიხსნა, რომ ნაღველი ცუდად გადის სანაღვლე გზებში. ამ დაავადებას სანაღვლე გზების დისკინეზია ჰქვიაო. მკურნალობა დროებითი აღმოჩნდა. გადავწყვიტე, თავად მეპოვა გამოსავალი.
უმთავრესი წამალი სწორი კვება ყოფილა. უნდა იკვებოთ მხოლოდ ჯანსაღი საკვებით, ხშირ-ხშირად და მცირე დოზებით. ასე ნაღვლის ბუშტიც და ღვიძლიც განიტვირთება და მალე უკეთესობას იგრძნობთ. სამკურნალოდ კი ბაბუაწვერას ფესვები გამოგადგებათ, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში უნდა მოაგროვოთ, მაგრამ გირჩევთ, გზისპირიდან მოშორებული ადგილები შეარჩიოთ მცენარის მოსაგროვებლად.
რეცეპტი და მომზადების წესი:
2 ს/კ დანამცეცებულ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 5-7 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დააყოვნეთ 1 საათი, გადაწურეთ და ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
როგორც კი ნაყენის სმას დაიწყებთ, გაძლიერდება საჭმლის მონელება და მოგემატებათ მადა. თუ ამის გამო გადაჭარბებულ ჭამას დაიწყებთ, მთელი მკურნალობა წყალში ჩაგეყრებათ.
ნაღვლის გადინებას ხელს უწყობს სიმინდის ულვაშის და ასკილის ნაყენიც, მაგრამ ბაბუაწვერას ფესვებმა მთლიანად განმკურნა. ორი წლის განმავლობაში ორჯერ ჩავიტარე 30-40-დღიანი კურსი. ხანდახან ახლაც ვიტარებ ხოლმე მკურნალობის მოკლე კურსებს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
ექიმის კომენტარი:
ბაბუაწვერა ჩვენში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. იგი მაის-ივნისში ყვავილობს, ზაფხულის განმავლობაში მეორე ყვავილობასაც ასწრებს. სამკურნალო ნედლეულად იყენებენ ფესვებს, რომელსაც გვიან შემოდგომით, ფოთლების ჭკნობის ფაზაში თხრიან, მიწას ჩამობერტყავენ, შემოაჭრიან ფოთლების ნარჩენებს, ფესვის წვეროს, გვერდით წვრილ ფესვებს.
რეცხავენ ცივი წყლით და ტოვებენ ჰაერზე რამდენიმე დღე, სანამ არ შეწყდება მისგან რძეწვენის გამოყოფა. შემდეგ გაშლიან ქაღალდზე თხელ ფენად, აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში. კარგად გამომშრალ ფესვებს ინახავენ მშრალ ადგილზე.
ბაბუაწვერას ფესვები შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს:
- ტრიტერპენის ნაერთებს,
- სიგმატერინს,
- ინულინს,
- ქოლინს,
- ნიკოტინის მჟავას,
- ფისებს,
- ცვილს,
- კაუჩუკს,
- ცხიმს.
ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, მადისმომგვრელ, ნაღველმდენ საშუალებად, ბუასილის სამკურნალოდ.
ბაბუაწვერას ფესვებს აქვს აგრეთვე სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მის ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებსა და მეჭეჭებზე.