გაციების დროს უსიამოვნო სიმპტომებს მოგიხსნით ეს სანელებლებიანი ჩაი! სწრაფი და მარტივი გზა!
მართალია, ვირუსებსა და ბაქტერიებთან საბრძოლველად დღეს უამრავი ფარმაკოლოგიური საშუალება არსებობს, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახში ინახება გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტი.
მინდა, მეც შევიტანო მცირე წვლილი თქვენი მკითხველის ჯანმრთელობაში და ჩემ მიერ ნაცადი ხალხური რეცეპტები შემოგთავაზოთ.
გაციების დროს უსიამოვნო სიმპტომებს შეგისუსტებთ სანელებლებიანი ჩაი: თერმოსში ჩაყარეთ:
- თითო ჩაის კოვზი გვირილა,
- სალბი,
- პიტნა,
- დაფნის ფოთოლი,
- კატაბალახას ფესვი,
- 1-2 მიხაკი,
- მწიკვი დაფქული კოჭა,
- ქინძი და
- შავი პილპილი,
- დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი
- და დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი.
- ერთი საათით დააყენეთ და ჩაიც მზად არის.
გაწურეთ ბადეში და სვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩაი იყოს ზომიერად ცხელი. ასეთი სასმელი ამცირებს სხეულის ტემპერატურას, აცხრობს ხველას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.
სურდოს ნიშნების გაჩენისთანავე ცხვირი მარილიანი წყლით გამოირეცხეთ: გრილ ანადუღარ წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. პირსაბანთან თავი გვერდულად დახარეთ, ზევით მოქცეულ ნესტოში ნელ-ნელა ჩაისხით მარილიანი წყალი. ცხვირიდან წყალი თანდათანობით გადმოვა. შემდეგ თავი მეორე მხარეს მიაბრუნეთ და იგივე გააკეთეთ მეორე ნესტოთი. თუ პროცედურებს დროულად დაიწყებთ და დღეში რამდენჯერმე გაიმეორებთ, სურდო მალე გაგივლით.
ადუღებული სამკურნალო ნახარში (ევკალიპტისა, სალბისა, გვირილისა, სოდიანი ან სხვა) ჩაასხით მცირე ზომის ტაშტში (უმჯობესია, პროცედურა სააბაზანოში ჩაიტაროთ, რათა ჰაერი წინასწარ გაათბოთ ცხელი წყლის ნაკადით), შემდეგ წელამდე გაშიშვლდით, ტაშტისკენ დაიხარეთ და ხაოიანი პირსახოცი გადაიფარეთ. ისუნთქეთ თბილი ჰაერით 10-15 წუთი.
ბოლოს სწრაფად გადაივლეთ თბილი შხაპი, თბილად ჩაიცვით და საწოლში ჩაწექით. კარგი იქნება, თუ საწოლშივე მოგართმევენ თბილ, თაფლიან ბალახის ჩაის. ანდა ჩაი წინასწარ მოიმზადეთ, ჩაასხით თერმოსში და დაიდგით საწოლთან, რათა ინჰალაციის შემდეგ სიარული არ მოგიწიოთ. დალიეთ და დაიძინეთ. დილით თავს უკეთ იგრძნობთ.
ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან!
გისურვებთ ჯანმრთელობას!