ქერი – ვიტამინებისა და “ჯანმრთელობის საწყობი”

564

ქერი – ვიტამინებისა და “ჯანმრთელობის საწყობი”

ძველი მკურნალები სამკურნალოდ იყენებდნენ როგორც ქერის მარცვლებს, ასევე ქერის წყალს. ავიცენას მიაჩნდა, რომ ქერი უნიკალურად წმენდს ორგანიზმს. ამ მცენარის წყლით წარმატებით მკურნალობდნენ სარძევე ჯირკვლებს. ხოლო კამის თესლთან მისი ნარევით ლაქტაციის სტიმულაციას ახდენდნენ. ქერის წყალი შეუცვლელი იყო ცხელების დროს როგორც გამაგრილებელი და დამატენიანებელი საშუალება.

ხალხური მედიცინა დღესაც წარმატებით იყენებს ქერს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ბუასილისა და ფაღარათის სამკურნალოდ. აგრეთვე – როგორც ამოსახველებელ, დიაბეტის საწინააღმდეგო მეთოდად.

ყველა ჩამოთვლილი შემთხვევისთვის გამოიყენება ქერის მარცვლების ან მისი ფქვილის ნახარში:

უნდა აიღოთ 20 გ ქერი, დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩეროთ 4-5 საათი, შემდეგ ადუღოთ 20 წუთი, გაფილტროთ და მიიღოთ 2-3 სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დღეში 4-5-ჯერ.

სამკურნალო მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალაოს ფქვილის გამოყენება. ქერის ალაოს 40% სახამებელია, 10% – ცილა, 10% – დექსტრინი, 30% – უჯრედისი. გარდა ამისა, შეიცავს ფერმენტ პეპტაზას, მინერალურ მარილებს, A, D, PP, E და B ჯგუფის პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, კაროტინოიდებს. ალაოს ფქვილის მისაღებად ქერის მარცვლებს გასაღივებლად ხელსაყრელ პირობებში ათავსებენ, გაღივების შემდეგ კი აშრობენ და ფქვავენ. მიღებული ფქვილისაგან ნახარშს ამზადებენ – 1,5-2 კგ ფქვილს  მომინანქრებულ ჭურჭელში ათავსებენ, 8-10 ლიტრ მდუღარე წყალს ასხამენ, 20-30 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს აბაზანებისთვის იყენებენ წყლით განზავებულს.

ასეთი აბაზანები მკვეთრად გამოხატული კოსმეტიკური, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა. ალაოს ფქვილის ნაყენი ხველების საწინააღმდეგო, ბუასილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმელებისა და შარდის გამომყოფი გზების დაავადებათა სამკურნალო საშუალებაა.

ამ მიზნით 2-3 სადილის კოვზ ფქვილს უნდა დაასხათ ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, 25-30 წუთი გააჩეროთ და დღეში 5-6-ჯერ მიიღოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა (შეგიძლიათ ოდნავ დაატკბოთ).

ქერის მარცვლები შეიცავს მიკროორგანიზმებზე, განსაკუთრებით – გრამდადებით ბაქტერიებზე, დამღუპველად მოქმედ ნივთიერებებს. ისინი მდიდარია უჯრედისით, რომელიც ასე სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და, საზოგადოდ, საჭმლის მონელებისთვის. გარდა ამისა, უჯრედისს ორგანიზმიდან წიდა და ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტები გამოაქვს. ის ძნელი ასათვისებელია და ადვილად ცლის ნაწლავებს. ამ თვალსაზრისით ქერი მეტად მნიშვნელოვანია სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.

პნევმონიის, ბრონქიტის, გახანგრძლივებული ხველის დროს დღეში რამდენჯერმე უნდა მიიღოთ ასეთი ნახარში: 2 სადილის კოვზ ქერს ან შვრიას შეურიეთ იმავე რაოდენობის ქიშმიში, დაასხით 1,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ამის შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ. თბილ-თბილსვე შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი. მიირთვით 3-4 სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

Facebook კომენტარები