ყავის ნალექის გამოყენების ეფექტური და საჭირო მეთოდები
დღეში 2–3 ფინჯანი ყავა სხეულის ლამაზი ფორმების და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ასევე მხნეობას გვმატებს. ყავის ნალექი კი სხვადასხვა შინაურული კოსმეტიკური პროცედურებისთვის შესანიშნავი ინგრედიენტია.
ყავა ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად სასარგებლო რომ იყოს, სუფთა წყალზე მოხარშეთ და უშაქროდ (ყოველგვარი შაქრის შემცველის გარეშე) დალიეთ. შესაძლებლობის მიხედვით ტკბილი სიროფები არ დაუმატოთ და ტკბილი დესერტები არ დააყოლოთ.
ჩვენ გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ყავის ნალექი სილამაზისთვის.
თმის ფერს აუმჯობესებს
თუ მუქი ფერის თმა გაქვთ და უფრო გაჯერებული ფერის მიღება გსურთ, თმის კონდიციონერი გააკეთეთ. ამისთვის 1–2 ფინჯანი ცივი ყავის ნალექი 1 პორცია თმის კონდიციონერს დაუმატეთ და დაბანილ თმაზე წაისვით. 5 წუთით გაიჩერეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ყურადღება! ღია ფერის თმაზე ასეთი კონდიციონერის გამოყენება რეკომენდებული არაა.
თმას ბზინვარებას მატებს და ზრდას ხელს უწყობს
თმის ბზინვარებისა და აქტიური ზრდისთვის თვეში 1–2–ჯერ ერთგვარი თავის კანის პილინგი ჩაიტარეთ: ყავის ნალექი თავის კანზე წაისვით და 60 წამით კარგად დაიმასაჟეთ. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და დაბანა შამპუნით და კონდიციონერით დაასრულეთ. მარცვლების ნაწილები თავის კანის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ, კოფეინი ზრდას სტიმულირებს და ბოლქვებს „აღვიძებს“.
ტუჩის კანს არბილებს
თუ ტუჩები დაგისკდათ, ყავის ნალექის და თაფლის სკრაბი სცადეთ. ნახევარი ჩაის კოვზი თითოეული ინგრედიენტი აურიეთ, ტუჩზე წაისვით და 30 წამით ნაზი წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ. შემდეგ რბილი ღრუბლით მოიშორეთ და დამარბილებელი ბალზამი წაისვით.
თვალების ქვეშ შეშუპების საწინააღმდეგოდ
თვალების ქვეშ მუქი წრეები და შეშუპება შეიძლება ძილის დეფიციტმა, დაღლილობამ, ალერგიამ და გენეტიკამ გამოიწვიოს. მათ მოსაშორებლად ცივი ყავის ნალექი წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ. კოფეინი სისხლძარღვებს ავიწროებს, შედეგად ჩალურჯება და შეშუპება თითქოსდა თავისით ქრება.
კანს აღიავებს და წმენდს
2 ს/კ ყავის ნალექი ამდენივე ზეითუნის ზეთს აურიეთ, სახეზე წაისვით (თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ) და 30 წამით ნაზად დაიმასაჟეთ. რბილი სალფეთქით მოიშორეთ და ნახეთ, რამდენად სუფთა და ბზინვარე კანს მიიღებთ.
ცელულიტს ებრძვის
კოფეინი ცხიმის წვის პროცესს აჩქარებს, ასევე სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ამით ცელულიტის სიმპტომებს ამცირებს. ყავის სკრაბი „ფორთოხლის ქერქის“ მოსაშორებლად შესანიშნავი საშუალებაა. ქოქოსის ზეთი და ყავის ნალექი თანაბარი პროპორციით აურიეთ და პრობლემურ ნაწილებზე წაისვით, 1–2 წუთით აქტიურად შეიზილეთ. თუ პროცედურას კვირაში 2–ჯერ ჩაიტარებთ, უკვე ერთ თვეში შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.