უბრალო ზეითუნის ზეთი საუკეთესოდ ატენიანებს სახის კანს. ერთ გამოყენებაზე 5 წვეთიც კი საკმარისია!
არაჟანი, შვრია, საფუარი, ავოკადო, კვერცხი – ამ პროდუქტებიდან ქალები ნიღბებს ყოველთვის აკეთებდნენ და ახლაც აკეთებენ. და მაინც, ზეითუნის ზეთზე უკეთესი არაფერია! ის ატენიანებს, კვებავს, სიცივისგან იცავს და ცხიმოვან ბზინვარებას არ ტოვებს, მხოლოდ მსუბუქ განათებას. ჩვენ მაღალტექნოლოგიური კოსმეტიკის ექსპერტებს ზეითუნის სწორად გამოყენების შესახებ რჩევები ვკითხეთ.
რატომ შეიძლება იყოს ზეითუნის ზეთი კრემზე უკეთესი?
დიანა გალი, დიდ ბრიტანეთში Doctor4U-ს მედიცინის დოქტორი და ექიმი, ირწმუნება, რომ ზეითუნის ზეთი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას და კანის დაზიანებას, რასაც მზის ზემოქმედება და ჟანგვითი სტრესი იწვევს. ამდენი რამ ერთ ბუნებრივ საშუალებაში? დიდებულია!
რა გავლენას მოახდენს ზეითუნის ზეთი ჩემს კანზე?
თქვენი კანის მდგომარეობა უმეტესწილად დამოკიდებულია სწორ კვებაზე, მაგრამ კრემის ნაცვლად ზეითუნის ზეთის გამოყენება დადებით ეფექტს მოგცემთ, ამბობს ექიმი დიანა გალი. ზეითუნის ზეთი მდიდარია A, D, E და K ვიტამინებით, რომელთაგან თითოეული კანზე თავისებურად მოქმედებს.
ყველაზე აუცილებელია E ვიტამინი. ეს ანტიოქსიდანტი კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს. ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მანამ, სანამ ზედმეტად არ გამრავლდება. თავისუფალი რადიკალების დიდ კონცენტრაციას უჯრედების დაზიანება, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების განვითარება შეუძლია.
E ვიტამინის ანტიბაქტერიული თვისება ფსორიაზის ან ეგზემის დროს დაგეხმარებათ.
ზეითუნის ზეთი ანადგურებს ბაქტერიებს, რაც კანის ინფექციების მკურნალობაში დაგეხმარებათ. ზეითუნის ზეთში შემავალი A ვიტამინი აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს ეფექტურად ებრძვის.
ვის არ უხდება ზეითუნის ზეთი კანის დასატენიანებლად
ცხიმიანი კანის მფლობელებს შეუძლიათ ზეითუნის ზეთი დასატენიანებლად გამოიყენონ. ამ საშუალებას დაბალი კომედოგენური ინდექსი აქვს, ანუ ფორებს არ ახშობს. აი, მისი გამოყენება მგრძნობიარე და ძალიან მშრალ კანზე არ ღირს. მათ შემთხვევაში ზეითუნის ზეთმა შეიძლება კანის დამატებითი გაღიზიანება და გაუარესება გამოიწვიოს.
როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი სწორად
მხოლოდ მაღალი ხარისხის ორგანული ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ. სურვილის შემთხვევაში ლავანდის, ნუშის ან ყურძნის ზეთი აურიეთ. დამატებით, შეგიძლიათ E ვიტამინი დაუმატოთ – ასეთი საშუალება შეგიძლიათ წაისვათ სახეზე, თმაზე და ფრჩხილებზე. ერთი პროცედურისთვის რამდენიმე წვეთი საკმარისი იქნება.
ჯერ ზეთი ხელისგულებით გაახურეთ და სახეზე მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაწილეთ – საკმაოდ თხელი ფენა გამოვა, რომ ფორები არ დაიხშოს. ასეთი ფენა საკმარისია, რომ კანმა აუცილებელი ნივთიერებები მიიღოს და ლამაზად გამოიყურებოდეს.