შეიძლება თუ არა ბრტყელტერფიანობამ სერიოზული დაავადებების გამოიწვიოს?! ამას არ მოველოდი
ბრტყელტერფიანობა ტერფის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც მარტივი პრობლემა სულაც არ გახლავთ. რა იწვევს ბრტყელტერფიანობას, რა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს და როგორია მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები?!დღეს „რუბრიკას“ ექიმი-ორთოპედი მანანა ბურჭულაძე ესაუბრა:
რა არის ბრტყელტერფიანობა?
ბრტყელტერფიანობა ტერფის საკმაოდ გავრცელებული დეფორმაციაა, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის განივი და იშვიათად სიგრძივი თაღების გადასწორება. ბრტყელი ტერფი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. რაც უფრო ნაკლებია ტერფის თაღის სიმაღლე, მით უფრო ბრტყელია ტერფი.
გამომწვევი მიზეზები
წარმოშობის მიხედვით, ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს: თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა – ამ დროს ადამიანი ტერფის მყესოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტით იბადება.
შეძენილი ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზებია:
რაქიტი – ამ დროს კუნთ-სახსროვანი აპარატის შესუსტებასთან ერთად, ტერფის ძვლოვანი ქსოვილის გარბილება ხდება, რაც, საერთო ჯამში, მის გაბრტყელებას იწვევს;
ნერვული სისტემის დაზიანება – ქვედა კიდურების რბილი ან სპასტიკური პარეზი;
პოლიომიელიტი – ამ დროს ბრტყელტერფიანობა ვითარდება იმ კუნთების დამბლის შედეგად, რომელთა მეშვეობით ხდება ტერფის ძვლების მდებარეობის შენარჩუნება;
ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა – მოტეხილობა, მყესების გაგლეჯვა და სხვა;
ტერფის გადატვირთვა – ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარება და ა.შ.
ბრტყელტერფიანობა ზოგჯერ დამოუკიდებელი დაავადებაა, მაგრამ ზოგჯერ თან სდევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:
ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა;
ბარძაყის ვალგუსური დეფორმაცია;
ტანდეგობის დარღვევა (ხერხემლის გამრუდება, განსაკუთრებით – კიფოზურ-ლორდოზული);
წვივის დიდი ძვლის შიგნით შებრუნება;
ნეიროორთოპედიული დაავადება და ა.შ.
სიმპტომები
ბრტყელტერფიანობის ძირითადი სიმპტომებია:
ადვილად დაღლა;
ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;
კიდურების დაღლა და ტკივილი (ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება დღის ბოლოს, დროთა განმავლობაში კი პროგრესირებს);
წელის ტკივილი (იშვიათად);
ტერფის გადასწორება-გაბრტყელება (ტერფის დაგრძელება, გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება, ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიქცევა);
რა პათოლოგიებს იწვევს ბრტყელტერფიანობა?
ბრტყელტერფიანობა ეს არის სერიოზული და ვერაგი დაავადება, რომელიც უამრავი პათოლოგიის მიზეზი ხდება. მაგალითად: ტერფის განივი და გასწვრივი თაღების გაბრტყელებისას ხერხემალი და ქვედა კიდურთა (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) სახსრები იძულებულნი ხდებიან, სიარულისას წარმოქმნილი რყევები თვითონვე დააკომპენსირონ. ეს მათ ბიოლოგიურ ფუნქციაში არ შედის, ამიტომ ისინი სწრაფად ზიანდებიან და აქედან გამომდინარე, ხშირად ყალიბდება:
ართროზი, ქვედა კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურთა არაპროპორციული განვითარება, მუხლის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი და მენისკის ანთება, მუხლის სახსრის მოდუნება, კოქსართროზი, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, მალათაშუა დისკების თიაქარი, რადიკულიტი. და ა.შ.
ხშირია, საკუთრივ ტერფის დაავადებებიც: დიდი თითის ვალგუსური დეფორმაცია, ტერფის თითების გამრუდება, კოჟრები. გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობა ხელს უწყობს – ფეხის თითებზე ფრჩხილის ჩაბრუნებას.
დიაგნოსტიკა
ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ტერფის საფუძვლიანი დათვალიერება (ტერფი მოწმდება პაციენტის მდგომარე და მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის დროს, დათვალიერება ხდება წინიდან, გვერდიდან და უკნიდან).
გარდა ამისა, რეკომენდებულია პლანტოგრაფიული გამოკვლევის, კომპიუტერული კვლევისა და ტერფის რენტგენოგრაფიის ჩატარება.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრტყელტერფიანობის ადრეულ (სკოლამდელ და სასკოლო) ასაკში გამოვლენას, რადგან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უფრო ეფექტურია.
აქედან გამომდინარე, მშობელმა პატარობიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება ბავშვის ტერფის ფორმას და ნებისმიერი საეჭვო გარემოების აღმოჩენისთანავე ექიმ-ორთოპედს მიმართოს.
მკურნალობა
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს:
მედიკამენტოზურ თერაპიას;
აპარატულ ფიზიოთერაპიას;
ბალნეოთერაპიას;
სამკურნალო ფიზკულტურას – ტარდება სპეციალური ვარჯიშები, რომელთა მეშვეობით ხდება როგორც ტერფის თაღის შემაღლება, ისე დასუსტებული კუნთ-სახსროვანი აპარატის გამაგრება და სხეულის სტატიკის გამოსწორება;
სუპინატორიანი ფეხსაცმლის ტარებას – ეს ხელოვნურად უწყობს ხელს ტერფის თაღის ამაღლებას;
ცურვას;
ტერფების მასაჟს – ამ დროს დიდი მონდომებით უნდა ხდებოდეს ტერფის თაღის დამუშავება.
ძლიერი დეფორმაციის დროს ნაჩვენებია ტერფის თაბაშირის ჩექმაში მოთავსება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა) შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა.
პროფილაქტიკა
ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია რამდენიმე წესის დაცვა:
თავი აარიდეთ ვიწრო და მეტისმეტად მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებას;
ერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას და ქვედა კიდურები ხშირად დაასვენეთ;
რეგულარულად ავარჯიშეთ ტერფები;
მიიღეთ ტერფის კუნთებისა და მყესების მოსამაგრებელი აბაზანები;
რეგულარულად იკეთეთ ტერფის მასაჟი;
ატარეთ სუპინატორიანი ფეხსაცმელი (თუნდაც ბრტყელტერფიანი არ იყოთ).