აი რატომ უნდა სვათ გვირილის ჩაი
გვირილა ყვავილთა სამეფოს კონკიაა - გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
ეს ძალიან მსუბუქი მცენარეული საშუალებაა, რომლის წინაშე უკან იხევს მრავალი სნეულება, მათ შორის - სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, დიათეზი, დერმატიტი, ეგზემა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოდან სისხლდენა. გვირილა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამკურნალო მცენარეთაგან, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს.
გვირილა იმ გამაახალგაზრდავებელი ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ტიბეტელმა ბუდისტმა ბერებმა გამოიგონეს.
რეცეპტი საოცრად მარტივია: აიღეთ 100-100 გ. კრაზანა, გვირილა, უკვდავა და არყის ხის კვირტი. აიღეთ მიღებული ბალახების 1 ჩაის კოვზი და დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 3 საათით დააყენეთ. მიიღეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სახსრების ელასტიკურობას, კურნავს სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან აძევებს ტოქსინებს და აუმჯობესებს მხედველობას.
თუ მუცლის ღრუს სპაზმებს, გაღიზიანებადობას ან უძილობას უჩივით, აბების ჩაყლაპვას თუ მიქსტურების სმას ნუ იჩქარებთ, მიიღეთ გვირილის ჩაი ან ნაყენი.
დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 10 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად ძილის წინ უძილობის ან ძლიერი გადაღლილობის დროს.
მეტეორიზმის დროს: აიღეთ 6 ცალი გვირილის ყვავილი, 4 ცალი კატაბალახას ფესვი და 1 ცალი ძირა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს მეტეორიზმის დროს.
ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი კრაზანა, მინდვრის შვიტა, გვირილა. დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთი, დააყენეთ, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ პირში დღეში 5-6-ჯერ.