ყველას არ აქვს ძვირადღირებული წამლების შეძენის საშუალება, ამიტომ მინდა გასწავლოთ წითელი მოცვით დამზადებული სამკურნალო საშუალება!
ბავშვობიდან მაქვს რევმატოიდული ართრიტი. ახალგაზრდობაში ყოველგვარ წამალს დაუფიქრებლად ვსვამდი, მაგრამ ხანში რომ შევედი, ვიგრძენი, წამლების დაუდევარ სმას ჩემი კუჭ-ნაწლავისთვის დაღი დაესვა. ახლა საკმარისია, ერთი აბი მივიღო, რომ მუხლზე მეტად კუჭი მტკივდება, ამიტომ იძულებული ვარ, ჩემს სნეულებას მცენარეული საშუალებებით ვუწამლო.
ჩემმა ნაცნობ-მეგობრებმა იცოდნენ, ფიტოსაშუალებებს რომ ვეძებდი და ერთ დღეს თანამშრომელმა წითელი მოცვის რეცეპტი ჩამაწერინა. სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი; ფოთლებს აგროვებენ თოვლის დნობის დამთავრების შემდეგ, ყვავილობამდე. ფოთლებს აგლეჯენ ხელით, გაშავებულ ან ფერშეცვლილ ფოთლებს არ აგროვებენ.
ფოთლებს აშრობენ სხვენზე, თბილ შენობებში, კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. უნდა გაიფინოს ქაღალდზე ან ქსოვილზე თხელ ფენად (3-5 სმ), ხშირად აირიოს, გაშავებული ფოთლები პერიოდულად ამოირჩეს. შენახვის ვადა 3 წელია.
წითელი მოცვის ფოთლები შეიცავს 9%-მდე არბუტინს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდ ჰიპეროზიდს და სათრიმლავ ნივთიერებებს, C ვიტამინს პროვიტამინ A-ს. ამ შემადგენლობიდან ძირითადია არბუტინი, რომელსაც ბაქტერიოციდური და შარდმდენი თვისებები გააჩნია.
ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-9%, ორგანულ მჟავებს, 2,3%-მდე. მათ შორის: ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. იგი ასევე შეიცავს პექტონებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდ ვაქსინინს, კაროტინს და სხვა.
წითელი მოცვის ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით არსებობა განაპირობებს მის მრავალმხრივ გამოყენებას. მისი ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალება.
მისი ფოთლების წყლიან გამონაწურს იყენებენ ცისტიტების, პიელიტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კერძოდ ოსტერეოქონდროზის, ნიკრისის ქარების, სახსრების რევმატული დაავადების, არასპეციფიკური ინფექციური ართრიტების დროს.
წითელი მოცვის ნაყოფს იყენებენ ავიტამინოზის დროს. ნაყოფის წყლიანი ნაყენი ითვლება გაციების დროს წყურვილის მოკვლის შესანიშნავ საშუალებად.
ამ რეცეპტს ჯერ ეჭვით შევხედე, მაგრამ როცა ფეხი ისევ ამტკივდა, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ვსინჯე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
თქვენც მას გთავაზობთ:
აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი წითელი მოცვის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთს დახურული, მომინანქრებული ჭურჭლით წყლის ორთქლზე.
შემდეგ 45 წუთით დადგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, ბოლოს 4-კეც დოლბანდში გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. ნაყენი სასარგებლოა გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის), ფაღარათისა და ცისტიტის
დროსაც.