გსურთ მოამზადოთ ელასტიური, თხელი და გემრიელი ბლინები სხვადასხვა გულსართით? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!

368

გსურთ მოამზადოთ ელასტიური, თხელი და გემრიელი ბლინები სხვადასხვა გულსართით? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!

როგორ მოვამზადოთ ბლინები?

ბლინების სწორად მომზადებისთვის საჭიროა უმაღლესი ხარისხის ფქვილი. ტაფა
უნდა იყოს პატარა ზომის, სახელურიანი (უმჯობესია უწვავძირიანი). ბლინების
გამოცხობა უცხიმოდაც შეიძლება, თუ თავიდანვე ტაფაზე ცოტა ზეთს მოასხამთ,
ცომს კი 2 ს/კ ზეთს დაამატებთ. ნუ შეწუხდებით, თუ პირველი ბლინი უხეირო
გამოგივიდათ. ყოველთვის ასე ხდება, დააკვირდით და თანდათან მიხვდებით, რა
სისქის უნდა იყოს მეორე, მესამე და ა.შ.

ბლინები ტაფას არ მიეკრობა, თუ მშრალ ტაფაზე მარილს დაყრით, კარგად გააცხელებთ და ხელსაწმენდით ან მშრალი ნაჭრით გაწმენდთ. კულინარიაში ბლინების რეცეპტების ფართო არჩევანია. მას ამზადებენ არა მარტო ხორბლის, არამედ წიწიბურასგანაც.

საფუვრიანი ბლინები

მასალა:

  • 1კგ ფქვილი,
  • 4-5ჩ/ჭ რძე,
  • 3ს/კ კარაქი ან სხვა ცხიმი,
  • 2 კვერცხი,
  • 2ს/კ შაქარი,
  • 1,5ჩ/კ მარილი,
  • 40გრ საფუარი.

1. საფუვრის მოსამზადებლად ჩაასხით ჭურჭელში თბილი წყალი, გახსენით შიგ
საფუარი, ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, კარგად მოზილეთ, დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 1სთ.

2. როცა აფუვდება, დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხის გული, გამდნარი კარაქი, ზეთი ან მარგარინი, კარგად აურიეთ და დაამატეთ ფქვილი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

3. ცომში თბილი რძე ჩაასხით (თანდათან, ყოველი ჩასხმის შემდეგ კარგად აურიეთ), შემდეგ ცომის ჭურჭელს რაიმე დააფარეთ და თბილად დადგით.

4. როგორც კი აფუვდება, აურიეთ, რომ ისევ დაიწიოს, როცა კვლავ აფუვდება, კიდევ ერთხელ – ჩაზილეთ და კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა დაამატეთ. როგორც კი ცომი ისევ ამოვა, დაიწყეთ ცხობა. ბლინები მაშინ გამოდის კარგი, როცა ცომი მინიმუმ 2-3-ჯერ აფუვდება.

ყველიანი ბლინები

ცომი:

  • 8 კვერცხი,
  • 1ლ რძე ან წყალი,
  • ფქვილი რამდენიც დასჭირდებაარაჟნის სისქის ცომს.

სართი:

  • 1კგ ყველი,
  • 3 კვერცხი,
  • ცოტა კარაქი (ნაკლებად ცხიმიანი
    ყველისთვის).

1. გულსართად შეგიძლიათ კარტოფილის პიურე, ხაჭო, გატარებული ხორცი ან შეზავებული სოკო და მისთ. გამოიყენოთ.  ავიღოთ კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ რძე ან წყალი და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ არ აქაფდება.

2. ჩავყაროთ ფქვილი და გავაკეთოთ თხელი, არაჟანის სისქის ცომი.

3. კარგად გავაცხელოთ ტაფა, წავუსვათ ზეთი და ჩამჩით დავასხათ ბლინის ცომი, როდესაც ცომის ზედაპირი გაშრება, ბლინი ამოვიღოთ. დავადოთ სართი და დავახვიოთ ტოლმასავით.

4. ბლინები სუფრაზე მიტანის წინ შეწვით გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე.

Facebook კომენტარები